18 მარტი 2024
ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მეწყერმა ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა
2024 წლის 3 თებერვალს ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მეყრულმა პროცესებმა ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. ბაღდათის რაიონის სოფელი ნერგეეთი, როგორც მეწყერსაშიში ზონა, მითითებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის გამოცემულ 2022 წლის ბიულეტენში, რომელშიც აღნიშნულია: „ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ს.ს. დიმი, I ობჩა, II ობჩა, წითელხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი“ (2022, გვ. 181)“. გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენში აღნიშნული პროგნოზი მითითებულია ბაღდათის რაიონის აღწერით ნაწილში, მაგრამ სოფელ ნერგეეთთან დაკავშირებით არსებული საშიშროების რისკი, ისევე როგორც გასატარებელი ღონისძიებების კონკრეტული რეკომენდაცია და არსებული საფრთხის ვიზუალური დადასტურება არ გვხვდება ბიულეტენში. ბიულეტენის აღნიშნულ ნაწილში ეს დასახლებული პუნქტი აღარ არის მოხვედრილი, რათა დადგენილიყო გატარდა თუ არა შესაბამისი სარეკომენდაციო ღონისძიებები. საინტერესოა, რატომ არ გაიცა კონკრეტული მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების რეკომენდაცია სოფელ ნერგეეთთან დაკავშირებით, როცა ზოგად სარისკო სოფლებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალში იყო სოფელი ნერგეეთი შეყვანილი გარემოს ეროვნულ სააგენტოს ბიულეტენში.
ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მიმდინარე გეოლოგიური პროცესის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-65o), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში...7 თებერვლის ბაღდათის მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი - გარდაცვლილია 4 და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 5 პირის მიმართ.