პროექტის შესახებ

ჩვენი ამბავი

ამ პროექტის განხორციელების იდეა 2023 წლის შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაგვიჩდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების შედეგად წარმოიქმნა ღვარცოფული ნაკადი, რომელმაც 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ერთი ოჯახის 9 წევრის, არაერთი ტურისტის და დასასვენებლად ჩასული ადამიანის. ეს ტრაგედია და დანაკარგი ამ პროექტის იდეის და მისი განხორციელების კატალიზატორი გახდა.

ტრაგედიის შემდგომი აღმოჩენილი ფაქტები და რეალობა

ტრაგედიის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამოიკვეთა ამ ტრაგედიის შედეგად, კერძოდ: 

(ა) მოსახლეობის ნაწილი საერთოდ არ იყო ინფორმირებული და შესაბამისად არც მომზადებული შოვში მდინარე ბუბისწყლის ხეობაში არსებული შესაძლო გეოლოგიური პროცესების რისკების შესახებ;

 (ბ) შესაძლო საფრთხეებზე ინფორმირებული იყო მოსახლეობის ნაწილი, თუმცა არ იყო სათანადო აქტივობა პრევენციული ღონისძიებებისთვის; 

გ) არსებობდა ინფორმაცია ამ ზონაში შესაძლო რისკების შესახებ, თუმცა მათ თავიდან ასარიდებლად შესაბამისი სტრუქტურები სათანადოდ არ რეაგირებდნენ და არც მოსახლეობის მოთხოვნა იყო რეაგირების შესახებ მაღალი.

 (დ) მიუხედავად არსებული საფრთხეების ამ მონაკვეთში ხორციელდებოდა კოტეჯების მშენებლობები და ტურისტული საქმიანობა, ხოლო ტურისტები და დამსვენებლები ნაკლებად იყვნენ ინფორმირებული არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

გამოვლენილი საჭიროებები

ტრაგედიის შემდგომი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი საჭიროებები:

● ინფორმაციის გამჭვირვალე გავრცელება: ხელმისაწვდომი და შეულამაზებელი ინფორმაციის მიწოდება გეოლოგიური რისკების შესახებ.

● ცნობიერების ამაღლება: ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ინფორმირება და ცნობიერების გაზრდა პოტენციური საფრთხის შესახებ.

● გაუმჯობესებული ადგილობრივი რეაგირება: თემების გაძლიერება ცოდნით და რესურსებით პრევენციული მოქმედებების განსახორციელებლად.

 

პლატფორმის მიზანი

ჩვენი პლატფორმა მიზნად ისახავს ამ ხარვეზების აღმოფხვრას:

● გეოლოგიური რისკების შესახებ განათლება და ცნობიერების ამაღლება: ყოვლისმომცველი ინფორმაციის, რისკების შეფასების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მითითებებით ინფორმაციის მოსახლეობისთვის მიწოდება.

● თანამშრომლობის ხელშეწყობა: პლატფორმა იქნება ერთგვარი ხიდი მოქალაქეებსა  და მთავრობას შორის, ხელს შეუწყობს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

● უკუკავშირის მექანიზმი: მოსახლეობისთვის პლატფორმის შეთავაზება, რათა გამოავლინონ არსებული პრობლემები გეოლოგიური პროცესების თვალსაზრისით და ამავე დროს შეაფასონ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი.

 

სახელმძღვანელო პრინციპები

ჩვენ ვხელმძღვანელობთ სამი ძირითადი პრინციპით:

● ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება: გეოლოგიური რისკების გაცნობიერების გაზრდა თემებში.

● მონაწილეობა: მოსახლეობისა და ხელისუფლების აქტიური ჩართულობის წახალისება.

● ანგარიშვალდებულება: ჩვენ და სამთავრობო ორგანოები პასუხისმგებელნი ვართ უსაფრთხოების ზომების დაცვაზე.

 

Მისია

ჩვენი მისია ნათელია: თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები და შემდგომი ტრაგედიები საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გავრცელების, გამჭვირვალობისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის გზით.

მახასიათებლები

ჩვენი პლატფორმა გთავაზობთ რამდენიმე ძირითად მახასიათებელს:

● ინტერაქტიული რუკა: გამოიკვლიეთ საქართველოს რეგიონები და შეაფასეთ კონკრეტული რისკები მარტივი დაწკაპუნებით.

● რეგიონის სპეციფიკური ინფორმაცია: დეტალური ინფორმაცია თითოეული სფეროს რისკების, საფრთხის დონის, არსებული გაუმჯობესებების გზებისა და შესაბამისი ფოტოგრაფიული მტკიცებულებების შესახებ.

 ● გამოხმაურების ფორმა: მოგვაწოდეთ უკუკავშირი რეკომენდაციების შესრულებაზე და გაგვიზიარეთ თქვენი წინადადებები გაუმჯობესებისთვის.

 

Geologymaps.ge-ზე ჩვენ მზად ვართ ავაშენოთ უფრო უსაფრთხო მომავალი საქართველოსთვის, სადაც ბუბისწყლის მეწყერის მსგავსი ტრაგედიები აღკვეთილი იქნება პროაქტიული ღონისძიებებითა და საზოგადოების თანამშრომლობით. შემოგვიერთდით ჩვენს მისიაში, დავიცვათ სიცოცხლე და დავიცვათ ჩვენი თემი და საზოგადოება.

 

ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის წყარო და სამომავლო თანამშრომლობა

პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია ეფუძნება 2023 წლის აგვისტოში გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე 2022 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემულ საინფორმაციო ბიულეტენს „საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის“. პლატფორმაზე გამოყენებული რუკები, ფოტოები და რეკომენდაციები სწორედ ამ მასალებს ეყრდნობა. 

სამომავლო ინფორმაციის განახლება და არსებული მონაცემების და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში კი ყველა ადამიანის ჩართულობის იმედი გვაქვს, რომელთაც შეუძლიათ მათ საცხოვრებელთან ახლოს არსებული გეოლოგიური პროცესის შესახებ, არსებული მდგომარების, მიმდინარე თუ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ფოტო მტკიცებულებით მოგვაწოდონ ე-ფოსტაზე. განსაკუთრებით იმედი მაქვს ჩვენი თანატოლების, სკოლის მოსწავლეების , სკოლაში არსებული ეკო კლუბებისა თუ სამოქალაქო განათლების კლუბების წევრების აქტიურობის, რათა ერთობლივად შევძლოთ, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების განვითარება.